18.04.2024
- Advertisement -spot_img

21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება

21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნება. ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.  

“დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო.

საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი.

პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს.

ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს. ყველას, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნავს ნოვრუზს, ვულოცავ გაზაფხულის, ახალი დღის დადგომის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

“ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის ამ ლამაზ დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომელიც განახლების, იმედის და გაზაფხულის შემოსვლის სიმბოლოა! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ!”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით, მათ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.

საკითხს ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 მარტს გადაადგილების შეზღუდვა მოეხსნათ, ისევე როგორც შობის დღესასწაულზე.

 თხოვნის მიუხედავად, მთავრობამ არ მოხსნა დროებით გადაადგილების შეზღუდვა, რათა საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ღირსეულად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამი.

ნოვრუზ ბაირამი აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.  

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img