ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ქოქოსაშვილი დღეს სენაკში, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხმიანება და მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეცვალოს მედიასთან კომუნიკაციის მეთოდები.
მისი განცხადებით, კულტურის მინისტრის ქმედება იმ აგრესიული დამოკიდებულების გამოვლინება იყო, რაც მმართველ გუნდს აქვს მედიისადმი და რაც ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს.
“სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსგავსი ფორმით ახდენენ კომუნიკაციას მედიასთან. ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც იწვევს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს მათ კომუნიკაციას მედიასთან მიმართებაში”, – ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.
ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.