„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126 რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში.
კანონპროექტი 2 ძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას.
„მოპედის და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1-ლი მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი განმარტებით, B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.
„აღნიშნული ცვლილებების [მართვის მოწმობის აღება რეალურ პირობებში] შემდეგ, ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჩნდება საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქართული მართვის მოწმობის ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში გადაცვლა… დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, რასაც მართვის მოწმობის მსურველები დღეს გადიან, დამატებით მას მოუწევს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მარშრუტზე რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები გამოცდის პირობებში, შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება სრული გამოცდის ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება და თუკი გასაჩივრდება კონკრეტული მხარის მხრიდან გამოცდის შედეგები, მას საშუალება ექნება, გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს“, – განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძემ, ასევე, წარადგინა „შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება.
„ვინაიდან დაემატა გამოცდის ახალი პროექტი, B და BE კატეგორიისათვის იქნება 90-ლარიანი გადასახადი. დანარჩენი გადასახდელები, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებასთან, ამ შემთხვევაში არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება. ამ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საშუალება ექნება, გაიაროს თეორიული გამოცდა და 5-ჯერ ექნება დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ყველა სხვა კატეგორიას, ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარებისათვის გადასახდელი წესდება 150 ლარის ოდენობით და თუ პირი ვერ ჩააბარებს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, საშუალება ექნება, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე“, – თქვა დარახველიძემ