გავრცელებული მითი, რომ ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს მეცნიერებმა კვლევებზე დაყრდნონით უარყვეს. უფრო მეტიც, მაიამის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორის, რანჯიტ რამასამის თქმით, თავად კორონავირუსს შეუძლია ერექციული დისფუნქციის გამოწვევა.
„კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს!“ – მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ანტისხეულებს, რომელიც ვაქცინის მოქმედების შედეგად წარმოიქმნება, არა მხოლოდ კორონავირუსის განადგურება შეუძლიათ, არამედ იმ ცილაზეც (სინციტინი-1) მოქმედებენ, რომელიც საშვილოსნოში პლაცენტის ფორმირებაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის შედეგად უნაყოფობის თეორიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ანტისხეულების ამგვარი თავდასხმის მიზეზი ის არის, რომ სპაიკის ცილა და სინციტინი-1 სტრუქტურულად მსგავსია.
ცნობილია, რომ კორონავირუსის სპაიკის ცილა 1 273 ამინომჟავისგან შედგება, ხოლო სინციტინი-1-ის კი – 538 ამინომჟავისგან. მკვლევრებმა მხოლოდ 5 ამინომჟავის თანმიმდევრობა გამოავლინეს, რომელშიც ორი ცილა იყო მსგავსი, თუმცა ისიც იდენტური არ იყო.
რეპროდუქციული იმუნოლოგიის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტი, უდო მარკერტი და პერინატალური მედიცინის გერმანული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ეკეჰარდ შლოისნერი აცხადებენ, რომ თუ სწორია ვარაუდი, რომ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ იმუნურ პასუხს უნაყოფობის გამოწვევა შეუძლია, მაშინ თავად კორონავირუსის დაავადება იგივეს გამოიწვევდა.
„პლაცენტის გამოკვლევისა და რეპროდუქციული მედიცინის თვალსაზრისით, ფართოდ გავრცელებული მტკიცება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აცხადებენ მეცნიერები.
თუმცა, ამ საკითხზე უსაფუძვლო დასკვნები და ცრუ განცხადებები მხოლოდ ქალებს არ აწუხებთ. ვაქცინების ნეგატიური გავლენა მამაკაცების ფერტილურობაზე ასევე აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ 45 მამაკაცის სპერმა შეისწავლეს და ვაქცინაციის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე უარყოფითი გავლენა ვერ გამოავლინეს.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ერექციული დისფუნქციის ან უნაყოფობის მიზეზი არ არის“, – აღნიშნა მაიამის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორმა, რანჯიტ რამასამიმ.
რანჯიტ რამასამის თქმით, თავად ვირუსს შეუძლია არა მხოლოდ სპერმისა და ფერტილურობის წარმოქმნის დარღვევა, არამედ ერექციული დისფუნქციის გამოწვევაც.
„რაც უფრო მძიმეა ინფექცია, მით უფრო დიდია რისკი, რომ ამან უნაყოფობა ან ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს. თითოეულ მამაკაცს მხოლოდ ვაქცინაციის გავლა შემიძლია ვურჩიო“, – განაცხადა რანჯიტ რამასამიმ.