შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ნანგრევებში, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.