27 ოქტომბერი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ, ჩასვამენ ავტობუსებში დილას მისულ ხალხს რეგიონებში და ექსკურსიაზე წამოიყვანენ თბილისში, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას.
როგორც ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ საუბრისას აღნიშნავს, მმართველ პოლიტიკურ ძალას დადებითი დღის წესრიგი არ გააჩნია და ის ისევ „სისხლიან 9 წელზე“ ისაუბრებს.
„ამ აქციით ვერ დათრგუნავს „ნაცმოძრაობის“ აქციას, სისულელეა. სურათი დადეს, სამყაროში მხოლოდ „ნაცი“ და „ქოცია“ მეტი არაფერი არ არსებობს – ამას გვაჩვენებენ. მოედანი სავსე იყო და რუსთაველის ნაწილი. რაც არ უნდა მოინდომონ, იმაზე მეტი ადამიანი იქ ვერ დაეტევა, რაც იმათმა მოიყვანეს და რა უნდა დათრგუნონ? ოთხშაბათი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ, ჩასვამენ ავტობუსებში დილას მისულ ხალხს რეგიონებში და ესკურსიაზე წამოიყვანენ თბილისში.
ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას?! ისევ „სისხლიან 9 წელზე“ უნდა ილაპარაკონ გასული ცხრა წლის თავზე?! გაბურღული გვაქვს ტვინი ყველას ამით. რა აქვთ სათქმელი?! არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ. ჩადიან ტყიბულში და ლაპარაკობენ ტურიზმზე მეშახტეებთან. წყალტუბოს პროექტი, რამდენიმე წლის წინ ტენდერი, რომ უნდა გამართულიყო და აყვავებული ყოფილიყო, ახლა მტვერი გადაწმინდეს და ამოაგდეს. რუსთავში კიდევ ლიფტები იქნება უფასოო – ამ უბედურებაში არიან“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.