ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარება.
როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 50 წლის ზემოთ, ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ აიცრან, თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე.
„ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს- 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდ ინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული.
ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერით“. თუ პირი აცრილია 2 დოზა „ფაიზერით“, მას შეუძლია მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ მესამე „ფაიზერის“ აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა „სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია გაიკეთოს „სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს „ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას „ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. „სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა.
ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ „ბუსტერ“ დოზის ეფექტურობა მაღალია. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება გავცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს „ბუსტერ“ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირს თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა გაბუნიამ.