ევროკავშირის დიპლომატებმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო.
სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვას.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციები არ შეეხება პუტინისა და ლავროვის მოგზაურობის შეზღუდვას, რადგან ევროკავშირს სურს დიპლომატიური გზები ღია დატოვოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციებს დაუწესებს.
ბერბოკმა ბრიუსელში გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ ომზე, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
“ჩვენ ახლა სასანქციო სიაში პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევიყვანთ. ისინი პასუხისმგებელი არიან იმ ფაქტზე, რომ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში და იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშ არის გათელილი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვეთანხმებით “, – განაცხადა ბერბოკმა.