არის მომენტი როდესაც შენი წარმატება შენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ბრძოლის ჟინსა და მედეგობის ხარისხზეა დამოკიდებული. კლასიკური სახმელეთო ბრძოლის ველის პარალელურად არსებობს საინფორმაციო ომის ველი, სადაც ტექსტები, ფოტოები, ვიდეო თუ აუდიო მასალები მომაკვდინებელი ძალის მქონე ჭურვებია. თითოეული მათგანი ცვლის ბრძოლის ველზე მყოფთა ქცევის წესს.
“ვებგაზეთი” გთავაზობთ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული ომის მკვლევარის, გიორგი მოლოდინის თვალსაზრისს უკრაინელი ხალხის (და, არამარტო) ბრძოლის ჟინისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე.
„კლასიკური სახმელეთო ბრძოლის ველის პარალელურად გვაქვს საინფორმაციო ომის ველი, სადაც ტექსტები, ფოტოები, ვიდეო თუ აუდიო მასალები მომაკვდინებელი ძალის მქონე ჭურვებია. თითოეული მათგანი ცვლის ბრძოლის ველზე მყოფთა ქცევის წესს.
კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს ჭარბი და იმავდროულად ყალბი საინფორმაციო ცნობების საფუძველზე მაქსიმალურად დათესოს პანიკა უკრაინელ მოქალაქეებში. ამ გზით ისინი ცდილობენ მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასუსტებას, რათა მათ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის სურვილი.
სწორედ ამისთვის, უკვე წლებია აქტიურად ეხმარება დასავლეთი უკრაინას სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებაში, როგორც საკუთარ მოსახლეობაში ისე, საერთაშორიო დონეზე. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა უკრაინაში მედეგობის (resilience) ხარისხის ასაწევად.
რატომ არის ეს და რა არის ეს მედეგობა? – მედეგობა ნიშნავს კრიზისის მომენტში ან კრიზისის დროს ადამიანის მიერ ძალების მყისიერად აღდგენის შესაძლებლობას. დაახლოებით ისე, როგორც დეფორმირებული საგანი, მასზე განხორციელებული დაწოლის შემდეგ იბრუნებს საწყის მდგომარეობას…
მედეგობის მაღალი ხარისხი შენს ნაკლებ და მოწინააღმდეგის მეტ დანაკარგს ნიშნავს, ასევე, ნიშნავს შესაძლებლობის დამატებით ფანჯარას, რათა მოიგო დრო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ეფექტიანი მანევრებისთვის. ეს კი, მხოლოდ ერთიანი, ძლიერი და საზოგადოების გამაერთიანებელი ღირებულებებზე დაფუძნებული ნარატივით მიიღწევა და არა საზოგადოების ჩვენ და ისინი კატეგორიებად დაყოფით.
მედეგობის მაღალი ხარისხი მთავრობების მხრიდან ეფექტიანი ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიული ინფორმირების შედეგად მიიღწევა, როდესაც მოქალაქეები ნათლად და გარკვევით ხედავენ თავიანთ თავს საკუთარი ქვეყნის მშენებლობის საქმეში. დღეს გამოჩნდება, რამდენად ეფექტიანად და გონივრულად აითვისა უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა.
ომის მიმდინარეობა და ხასიათი მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი პირველ რიგში უკრაინელი ხალხსი და მათ შორის, გამოკვეთილად, ქვეყნის ხელმძღვანელობის ნებისა და ბრძოლისუნარიანობის, მათი დემორალიზებისთვის კეთდება. უკრაინელების მტკიცე ნება და ბრძოლისუნარიანობა დღეს იმასაც გამოაჩენს, თუ რამდენად შესწევს ცივილურ სამყაროს ღირსეული პასუხი გასცეს 21 საუკუნის ახალ ბოროტებას.”