რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე ახალი სანქციების ფონზე, უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა გადაიდო. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე განახლდება. გათიშულია MOEX-ის ვებ-გვერდიც, რისი ზუსტი მიზეზიც, ჯერჯერობით, უცნობია. შესაძლოა, ვებ-გვერდის გათიშვა კიბერშეტევას უკავშირდებოდეს.
რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგის ბირჟას, იქ დღეს ვაჭრობა მხოლოდ გარიგებების რეჟიმში განხორციელდება. სხვა რეჟიმებზე ვაჭრობა შეჩერებულია.
ორშაბათი დღე რუსული რუბლისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და უკვე გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია. უფრო კონკრეტულად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება უკვე 100 რუბლს გადაცდა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე კურსი შედარებით განსხვავებულია, მაგალათად, Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 108 რუბლად ივაჭრება, საერთაშორისო პლატფორმა wise-ში კი დოლარის ღირებულება 105 რუბლია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ რუბლი კატასტროფულად უფასურდება.
მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია. ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა, ასევე პლატფორმა SWIFT-დან რუსეთის ნაწილობრივ გამოთიშვა.