შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქართულ მხარეს საზღვარზე კონტროლი გამკაცრებული აქვს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთიდან საქართველომ 180 ადამიანი არ შემოუშვა ქვეყანაში.
რაც შეეხება, რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტის საქართველოში შემოშვებას, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის კონკრეტული მიზეზი უცნობია და, სავარაუდოდ, მან სტანდარტული პროცედურიდან „რაღაც ვერ დააკმაყოფილა“.
„180-ზე მეტი ადამიანი არ შემოვუშვით. ეს არის ჩვეულებრივი, გაწერილი წესი, რომელსაც მესაზღვრე წყვეტს და იღებს გადაწყვეტილებას, შემოუშვას თუ არ შემოუშვას. სტანდარტულად ხდება არშემოშვება ადამიანის. არის კრიტერიუმების სტანდარტი – სად მიდის, ვისთან მიდის, აქვს თუ არა ბილეთი აღებული. ბევრი რაღაც არის ჩამოწერილი, რაღაც ვერ დააკმაყოფილა, ალბათ. არის შემთხვევები, როცა აგრესიას გამოხატავს და ესეც არის ხოლმე მიზეზი.“ – განაცხადა გომელაურმა.
დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ სხვადასხვა წყაროსგან გაიგო, რომ მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობა იყო.