The Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა.
გამოცემა წერს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით და სხვა სახით დახმარება სთხოვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთის დახმარება გადაწყვიტოს და შეარყიოს უკრაინის დასახმარებლად მიმართული დასავლეთის ძალისხმევა.
„აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, – ნათქვამია The Financial Times პუბლიკაციაში
საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლს და ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩინეთის მაღალჩინოსან დიპლომატს იანგ ჯიეჩის ხვდება. გამოცემა FT წერს, რომ საკითხში ჩახედული პირების ცნობით, სალივანი გეგმავს გააფრთხილოს ჩინეთი, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობას დაეხმაროს რუსეთს სამხედრო აგრესიაში ან სანქციებისგან თავის არიდებაში შედეგები მოჰყვებოდა.
“უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთი და ვერც ვინმე სხვა ვერ დაეხმაროს რუსეთს ამ დანაკარგების შემსუბუქებაში. რაც შეეხება ამის მიღწევის გზებს, საჯაროდ ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ კონფიდენციალურად შევატყობინებთ ჩინეთს, როგორც აქამდე ვიქცეოდით და მომავალშიც მოვიქცევით” – თქვა სალივანმა NBC-სთან საუბრისას.