რუსეთმა ევროპის საბჭო ოფიციალურად დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნები ორგანიზაციას ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ.
“NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ბოროტად იყენებენ უმრავლესობას ევროპის საბჭოში, თანმიმდევრულად გადააქციეს ორგანიზაცია ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს ამბობენ თანაბარუფლებიან დიალოგზე და ყველა იმ პრინციპზე, რომელზეც დაფუძნებულია ეს ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და შეაჩერეს რუსეთის უფლებამოსილება ევროპის საბჭოს ორგანოებში. ასეთ პირობებში რუსეთი არ დარჩება ევროპის საბჭოში”. – ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.
25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას.