უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს იტალიის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსულ ძალებს სურთ ევროპის დანარჩენ ნაწილში შეჭრა. სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში გამოსვლების მსგავსად, იტალიის პარლამენტშიც, უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ რუსეთს უფრო მეტი სანქციები დაუწესდეს და მოუწოდა იტალიელ დეპუტატებს მხარი დაუჭირონ ემბარგოს.
„რუსული ჯარებისთვის უკრაინა არის ევროპის კარიბჭე, სადაც მათ უნდათ შეღწევა, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ.
ისინი (რუსული ელიტა) თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, გადაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და უნდა აღვადგინოთ უკრაინა.” – განაცხადა ზელენსკიმ.
მიმართვის დაწყებამდე იტალიელი კანონმდებლები ზელენსკის ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით შეხვდნენ.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოიჩინა გმირული წინააღმდეგობა და იტალია მხარს დაუჭერს ოფიციალურ კიევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.
„რუსეთის მთავრობის ამპარტავნობა შეეჯახა უკრაინელი ხალხის ღირსებას, რომელმაც მოახერხა მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და დამპყრობელ ჯარისადმი უზარმაზარი საფასურის დაკისრება“, – განუცხადა დრაგიმ პარლამენტს ზელენსკის გამოსვლის შემდეგ.