ავსტრალია უკრაინისთვის მეტი სასიკვდილო (ლეტალური) იარაღის მიწოდებას გეგმავს. მათ შორისაა Bushmaster-ის ჯავშანმანქანები, რაც ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას ითხოვა.
ამის შესახებ დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების შეხვედრისას განაცხადა.
„ავსტრალიამ უკრაინას 5 ერთეული C-17-ის [ბოინგი] ტვირთის სამხედრო დახმარება მიაწოდა – ლეტალური და არალეტალური. ჩვენ ახლა ვამზადებთ Bushmaster-ებს, რაც გასულ კვირაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩვენი პარლამენტისადმი თავის ისტორიული მიმართვისას ითხოვა. ისინი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე გაიგზავნება“ – აცხადებს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი.
Bushmaster ავსტრალიური წარმოების საბრძოლო ჯავშანმანქანაა. 31 მარტს ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიას მეტი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Bushmaster-ის ჯავშანტექნიკის მიწოდება სთხოვა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა ზელენსკის მიმართვამდე განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 25 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი კი მოიცავს ტაქტიკურ სატყუარებს, უპილოტო საჰაერო და სახმელეთო სისტემებს, რაციონებსა და სამედიცინო მარაგებს.
დღეს, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინმა ასევე განაცხადა, რომ ავსტრალია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 მოქალაქეს დამატებით სანქციებს უწესებს.
წყარო: formulanews.ge