ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული, – ასე გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სადღესასწაულო ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, აღმაშფოთებელია რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, რომელიც გვარდიას და გენერლებს ლოცავს. მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს და აცხადებს, რომ ბავშვების ხოცვა ქრისტიანობა არ არის.
„სამწუხაროდ, არიან მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც იხოცებიან და იტანჯებიან. ის მტარვალი, მტანჯველიც, სამწუხაროდ, მართლმადიდებელია. ერეკლე მეფის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი დაუღალავად ებრძოდა რუსეთის იმპერიას.
როდესაც რუსები შემოვიდნენ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი ნებით შევედით გიორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის იმპერიაში, მაგრამ მალევე ხელმოწერა ქვემეხებისა და ზარბაზნების ქვეშ მოხდა. საქართველოში ამას მოჰყვა უამრავი ამბოხი. ჩვენ გვახსოვს უამრავი მტერი: არაბები, სპარსელები, მონღოლები. გვახსოვს, როგორც ჩვენი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: რჯულიანი და ურჯულო მტერი როგორ იავარყოფდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არცერთ დამპყრობელს ხელი არ უხლია ჩვენი სანუკვარი ინსტიტუციებისთვის, ეს არის: სამეფო ტახტი და საპატრიარქო.
როგორც კი შემოვიდნენ ერთმორწმუნე რუსები, იმ წამში მოხდა ამ ორ, ჩვენი იდენტობის, უმნიშვნელოვანეს და სასიცოცხლო რამის იავარყოფა – მეფის ინსტიტუტი გააუქმეს, მეფის ოჯახის წევრების უმეტესობა გასახლებული იქნა რუსეთში, ხოლო პატრიარქი 1811 წელს ნოვგოროდში გადაასახლეს. იქ რამდენიმე წლის შემდეგ, ანტონ მეორე ტრაგიკულად დაიღუპა.
ამ ყველაფერს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ფარულად მეფეთაც უკურთხებიათ ალავერდის დიდებულ ტაძარში. იგი დაუღალავად იბრძოდა, შემდეგ კი იძულებული გახდა, სპარსეთში გადასულიყო. ირანში – ისპაჰანთან აღესრულა და სომხური ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ის იყო და არის ეროვნული გმირი. მას ძალიან ბევრი მეფისნაცვალი თუ რუსი მოხელე ეხვეწებოდა, დაბრუნებულიყო, რუსი ხელმწიფის მორჩილებაში შესულიყო და უამრავ რაღაცას სთავაზობდნენ.
ის ეუბნებოდა: მე მტრულ სპარსეთში მირჩევნია სიკვდილი, ვიდრე თქვენს ცრუ მართლმადიდებელ იმპერიაში ვიცხოვრო. ამ დიდებულმა და შესანიშნავმა მამულიშვილმა სიცოცხლე ირანში დაასრულა. დღესაც მქონდა მიმოწერა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დიდი მამულიშვილის საქართველოში გადმოსვენებას.
ეს ვთქვი, იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის გვარდიას და გენერალს, გადასცემს მას ე. წ აგვისტოს ღვთისმშობელს, თითქოს აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ის რომ, ეს ხატი გასულ საუკუნეში შეიქმნა, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ აღნიშნული ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო. ესეც არაა იმდენად აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკრაინაში იცავენო და მათ ფიცი აქვთ დადებულიო. ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახდენთო. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან და თანაკურსელებთან – იქ უმძიმესი მდგომარეობაა. გამაოგნებელია მისი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო. მივმართავ მას (რუსეთის პატრიარქს) რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა“,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.