CNN-ის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში გაზსადენები დაბომბეს. შეტევას მსხვერპლიც მოჰყვა – დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ადამიანი.
ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა, ქალაქ კრემენაიასაც დაარტყეს, სადაც ერთ-ერთი სასწავლებლის ნანგრევების ქვეშ, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
„გვიან საღამოს, მეხანძრეებმა კრემინაიას ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებლის ნანგრევების ქვეშ, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად, სამი ქალი დაშავდა. ისინი დაზიანებული სახლიდან გამოიყვანეს და დროული სამედიცინო დახმარება მიაწოდეს“, – განაცხადა სერჰი ჰაიდაიმ.
ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სევეროდონეცკში ცენტრალური გაზსადენი და წყალმომარაგების სისტემა დაზიანდა.
„ქალაქში წყალი და გაზი არ არის. ლისიჩანსკში, მტრის ჭურვი გაზსადენს მოხვდა, მაგრამ შედეგები ნაკლებად მნიშვნელოვანია… რუსები ინფრასტრუქტურას ცინიკურად უტევენ“, – აღნიშნა მან.