The New York Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგო დაამტკიცონ.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებს კვირები დასჭირდათ გადაწყვეტილების კონტურებზე შესათანხმებლად და ინტენსიური მოლაპარაკებები შაბათ-კვირასაც გაგრძელდება, ვიდრე ევროკომისია საბოლოო წინადადებას არ წარუდგენს ევროკავშირის ელჩებს დასამტკიცებლად.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 4 მაისს გამართავენ შეხვედრას, ხოლო საბოლოო თანხმობას მომდევნო კვირის ბოლომდე მოელიან – აცხადებენ პროცესში ჩართული ევროკავშირის ოფიციალური პირები და დიპლომატები.
ნავთობის ემბარგო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
პაკეტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის წინააღმდეგ.