ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე – სპიკერი არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.
„რად უნდა ამას თავდებობა, ის დაბრუნებულია უკვე, პატიმრობაშია და დამატებით რაღა საჭიროა “ნაციონალური მოძრაობის” თავდებობა?! სამი დღის წინ საჯაროდ მივმართეთ სააკაშვილის დამცველ მხარეს, მასაც თუ ამ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და უყურა განცხადებებს და გადაცემებს, რაც ამასთან დაკავშირებით გაიმართა, რომ გასცენ თანხმობა იმ სამედიცინო მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც ამოწურავს კამათს და ამ სპეკულაციებს, რაც იმართება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ანალოგიური თხოვნით მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა, დღემდე არ არის პასუხი, რაც გვარწმუნებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ სპეკულაციებია“, – განაცხადა თალაკვაძემ.