უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან აუცილებლად გაიმართება, თუმცა, საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სამხედრო ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება.
“ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, როდესაც ის მზად იქნება რეალობაში დაბრუნდეს და გააცნობიეროს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება.
„მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუკი გვიანი არ იქნება, რუსეთის ამჟამინდელ მთავრობასთან ერთად დიპლომატიური გზით სიარული,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.