ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნის შემდეგ, აშშ-ში კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა.
საუბარია სისხლის სამართლის ხუთ მოსამართლეზე:
ხათუნა ხარჩილავა;
ნინო ნაჭყებია;
მაია ქოქიაშვილი;
გიზო უბილავა;
რომეო ტყეშელაშვილი.
უცნობია, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა თავად მიიღეს თუ იძულებით მოხდა. პროგრამა, რომელიც აშშ-ში რამდენიმეთვიან კურსს ითვალისწინებდა და ფლორიდაში მოსამართეებისთვის იმართება ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ცნობისათვის, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან 20 მაისს ამოაგდო. 24 მაისს, მომხდარის შესახებ საუბრისას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს განმარტებები მოსთხოვა და თქვა:
“ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა. საქართველოს ხელისუფლება გვერდით დაუდგება ყველა მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგის და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს”.