„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. როგორც ცნობილია, იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.
მისივე განმარტებით, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც, კობახიძის თქმით, უპრეცედენტო შედეგია:
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია.
ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს. ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს – 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც:
„რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.
რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება.“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საზოგადოებას დაპჰირდა, რომ ოპოზიციური პარტიების სცენარი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არ მიენიჭოს, ვერ განხორციელდება და მისი თქმით, ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ.