2023 წლის მაისიდან ევროკავშირში მოგზაურებისთვის ვიზის მოსაკრებლის სქემა, ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში შესვლისთვის ბლოკის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ვინც სამოგზაუროდ ვიზას არ საჭიროებდა, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის წინასწარ გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.
სისტემა ამოქმედდება იმ ქვეყნებისთვის, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ეს პროცედურა ვიზაზე ბევრად სწრაფია, ონლაინ კეთდება და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა ყველა მოგზაურისთვის მისი დასტურის მიღება აუცილებელი პროცედურა იქნება, რომელსაც გადასახადიც ახლავს.
სისტემა და მასთან დაკავშირებული გადასახადი არ შეეხებათ ევროკავშირის მოქალაქეებს, ვისაც ბლოკის ქვეყნებში გადაადგილების თავისუფლება აქვთ.
თუმცა ყველა სხვა ადამიანს, ვინც იმ ქვეყნიდან შევა ევროკავშირის ტერიტორიაზე, საიდანაც მანამდე ვიზის აღების აუცილებლობა არ არსებობდა ETIAS პროცედურა სავალდებულო გახდება. ეს გადაწყვეტილება ჯამში 60 ქვეყანას შეეხება, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საქართველოსაც. არაფერი იცვლება მათთვის, ვისთვისაც ბლოკში შესვლისთვის ვიზის აღება აუცილებელი იყო
ევროკავშირის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აპლიკაციის პროცესი დიდწილად ავტომატიზებული IT სისტემით მოხდება და დასტურს რამდენიმე წუთში, აპლიკანტების დაახლოებით 95%-ზე გასცემს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასტურს შესაძლოა ერთ თვემდე დრო დასჭირდეს და ყველას, ვინც უარს მიიღებს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.
ETIAS-ის ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ულიმიტო რაოდენობის შესვლებზე. თუმცა მისი მფლობელები უნდა დაემორჩილონ იმიგრაციის წესებსა და დარჩენის ლიმიტებს. ამ ეტაპზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ბლოკში ყოველ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.
საფასური 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის 7 ევრო იქნება. ამ ეტაპზე უცნობია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაწესებული თანხა.