23.11.2024

საია-ს ანგარიში იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე – მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა

აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს.

საია-ს განცხადებით, საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა. ორგანიზაციის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან, ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს კანონში წლის ბოლოს ნაჩქარევად შესული ცვლილება, რომლითაც ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად არჩევის აკრძალვა გაუქმდა.

“2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე, 10-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. არამოსამართლე წევრების შესარჩევად პარლამენტს კონკურსიც კი არ გამოუცხადებია. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში”. – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ასევე პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხიც, რადგან მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, კლანისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად.

“უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესში დასაბუთების მექანიზმის ჩადებამ, ღია კენჭისყრამ, გამჭვირვალობის გაზრდამ და გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენამ საბჭოს ხელი ვერ შეუშალა, კანდიდატები ლოიალობის ნიშნით შეერჩია. კლანი საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს”. – წერს საია.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ – მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. მბრუნავი კარის სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. საია წერს, რომ ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს.

ანგარიშის თანახმად, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები – საბჭოს 2021 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს. საია ხაზს უსვამს, რომ ამ ფონზე დეკემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა დისციპლინური სამართალწარმოების ვადები გაანახევრა, ასევე შეამცირა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, სისტემაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img