მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. აქცია „შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს.
მისი თქმით, არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხალხის ხმას არ გააგონებენ.
„როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი. წარმოიდგინეთ, როდესაც ქუჩაში გამოვა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელების საკმარისი რაოდენობა არ ეყოფათ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისგან დაიცვან. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვრჩებით. ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ მისულა მთავრობის ადმინისტრაციაში და ამოცანა კვლავ ძალაშია, მას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტის ხმა”,-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ხმაურითა და სტვენით გამოხატავენ პროტესტს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.