უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ზამთრის პერიოდამდე ვერ გაწელოს. „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში, ერმაკმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროისთვის არის მოსალოდნელი გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ.
„ბევრია დამოკიდებული ჩვენი სამხედროების სწავლებაზე. ჩვენ გადავტეხთ ამ ომის მიმდინარეობას. მალე ბევრი სიურპრიზი იქნება“, – განაცხადა ერმაკმა.
მისი განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს ოკუპირებული ტერიტორიების რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად. ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან სამხედრო სარდლობასთან და სწორედ მათგან იგებენ უკრაინის დამცველების საჭიროებების შესახებ, რათა ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთზე მათ მტრის დამარცხება შეძლონ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპის ზრდის საკითხი მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან განიხილა.
„უმოკლეს პერიოდში მასთან კვლავ მექნება საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ველით კიდევ 4 HIMARS-ს და არა მხოლოდ. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს“,- განაცხადა ერმაკმა.