23.11.2024

სოზარ სუბარი – მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“

“ქართული ოცნებიდან” გასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას დეპუტატი სოზარ სუბარი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად იმ შემთხვევაში შეიძლება გარდაიქმნას, თუ დაინახავენ, რომ “ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს”.

მისივე თქმით, მოძრაობა პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს.

“უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება.

ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება.

საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ.

„ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას.

საზოგადოება დაიღალა გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციით, რომელიც პოლიტიკურ სისტემას გაჯანსაღებისა და სათანადოდ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 2012 წლიდან, ხელისუფლება იძულებული იყო, გარკვეული ანგარიში გაეწია გარე ძალებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელოვნურად ასულდგმულებენ. საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით, პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სწორედ ინფორმირებულმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საქართველოში დემოკრატიული სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა, რომლის გარედან შერყევის არაერთი უხეში მცდელობის მომსწრეც გავხდით განსაკუთრებით გასული ორი წლის განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ომის საფრთხე ახლაც რეალურია და მისი თავიდან აცილების გარანტია მხოლოდ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებამ შეიძლება შექმნას. ვფიქრობთ, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს დაცვა უმძიმესი ზეწოლისგან, რომელიც გასული თვეების განმავლობაში 308 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი ევროპარლამენტის რეზოლუციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით და გარე ძალების მიერ რადიკალური ოპოზიციისა და მისი რადიკალური ქმედებების დაუფარავი მხარდაჭერით, მათ შორის პოლიტიზებული ენჯეოებისთვის ნიღბის სრულად ჩამოხსნით გამოიხატა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ უმარტივესი შეკითხვებით ამ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • ემიჯნებოდა თუ არა საელჩოს თანამშრომლის მიერ მოსამართლეზე მისი სახელით განხორციელებულ ზეწოლას;
  • ემიჯნებოდა თუ არა ბაკურიანის შეკრებას, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკის სახელით კეთდებოდა;
  • ემიჯნებოდა თუ არა მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, რომელსაც ტირაჟირებენ, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან აშშ-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ქართველი პოლიტიკოსები, „ენჯეოშნიკები“ და ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმრები არიან;
  • ემიჯნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებასა და მისი სანქცირების მოთხოვნას, აგრეთვე განცხადებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რომლებიც მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად;
  • ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გამოთქვამდა თუ არა უკმაყოფილებას ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით, დაჟინებით ითხოვდა თუ არა მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას და ითხოვდა თუ არა ასეთივე დაჟინებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ამერიკის ელჩს ამ კითხვებზე შეეძლო მარტივი პასუხების გაცემა, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ: საელჩო არ ცდილობს სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას; საელჩო არ ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას; საელჩოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა; საელჩო არ ცდილობს საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას.

სამწუხაროდ, ჩვენი კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას სწორედ საპირისპიროში არწმუნებს. არ შეიძლება ერთს ამბობდე და ქმედებით სულ სხვა რამეს აჩვენებდე. თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების „სიჯიუტის“ ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება, გვერწმუნეთ, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა.

ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“ – გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს საბოლოოდ აარიდოს ომის საფრთხე, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, რაც სამართლიანობისა და სიმართლის გარეშე ვერ მიიღწევა, ქართულ საზოგადოებას აღუდგინოს ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რისი აუცილებელი პირობაც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაა და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის. ჩვენი მიზანია ერთიანი და გამთლიანებული საქართველო, რომელიც ეფუძნება არა ფსევდო, არამედ ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს და აქვს ძლიერი სუვერენიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის”,-აცხადებს სუბარი განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img