23.11.2024

ლორა თორნტონი “ქართულ ოცნებაზე”: თუ მიზანია, იყო NATO-სა და EU-ში, რატომ კბენ იმ ხელს, რომელიც გკვებავს?

საქართველოში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია.

თორნტონის თქმით, მისთვის გაუგებარია “რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ” და მისი აზრით, სწორედ ამგვარი ქმედებების დამსახურებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს NATO-სა და ევროკავშირის წევრობა.

“პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს [ელჩი დეგნანის საწინააღმდეგო კამპანია] აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა [ირაკლი] კობახიძისა და სხვებისგან.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო NATO-სა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ NATO-ს, ევროკავშირის წევრები” – აცხადებს თორნტონი.

ის ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული 4 დეპუტატის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. თორნტონის აზრით “კრიტიკული, მწვავე ხედვების” გაჟღერების ამგვარი კამპანია მისთვის აბსურდულია.

“ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან ქართული ოცნების წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.” – აცხადებს ლორა თორნტონი.

საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, საქართველოს ხელისუფლება ახლა გზაგასაყარზე დგას და არჩევანი ბიძინა ივანიშვილის დაცვასა და დასავლურ ორიენტაციას შორის უნდა გააკეთოს. თორნტონის თქმით, ახლა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოწოდებას შეასრულებს თუ არა.

“ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს” – განაცხადა თორნტონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ლორა თორნტონის თქმით, აშშ საქართველოს ყველაზე ახლო მოკავშირეა და ოცნების მხრიდან იმ პარტნიორის კრიტიკა, რომელიც 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს, ქმნის შთაბეჭდილებას რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა.

“…დაბნეული ვარ. აკრიტიკებ [დასავლელ პარტნიორებს], ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. ასე რომ, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის, მაშინ ვფიქრობთ: “კარგი, მათ კურსი შეიცვალეს”.

როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია” – განაცხადა მან.

ლორა თორნტონი ამბობს, რომ მას უნდა, სჯეროდეს, რომ “ქვეყანას ისევ აქვს პრო-დასავლური ღირებულებები”. თუმცა, მისი თქმით, ის ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს საპირისპიროსკენ მიუთითებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img