საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საუბრობს და ამბობს, რომ 30 წლის შემდეგ დღევანდელი დისტანცირებული გადმოსახედიდან ბევრი საკითხის სხვანაირად დანახვა შეიძლება.
ირაკლი ალასანიას თქმით, ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩვენს მიერ იყო ჩადენილი იყო ის, რომ გაჩნდა სამოქალაქო დაპირისპირება.
ალასანია ამბობს, რომ არასდროს არ უნდა გვქონდეს გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკა და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ჩვენს მეზობელს, არა მხოლოდ რუსეთს, თავისი ინტერესები აქვს.
„ჩემი აზრით დღევანდელი დისტანცირებული გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ბევრი რამის სხვანაირად დანახვა შეიძლება. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები გადადგა. მგონია, რომ აქტიურ კონფრონტაციას სათავე დაედო იმ დროს, როდესაც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება გაჩნდა და მოდით, ვთქვათ, ამას სხვას ვერავის დავაბრალებთ.
არჩეულ ეროვნულ პრეზიდენტს 1 წელიც არ ვაცალეთ, რომ დაესრულებინა თავისი ვადა და მოხდა სამხედრო ამბოხება. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩვენს მიერ იყო ჩადენილი, იყო ის, რომ გაჩნდა სამოქალაქო დაპირისპირება. ამას შემდგომ მოჰყვა გართულება ცხინვალში, სოხუმში… აქ რუსეთს პირდაპირი ინტერესი ჰქონდა და საქართველოში ეროვნული ხელისუფლება არ აწყობდა. რუსეთის გადმოსახედიდან უფრო ადვილი იქნებოდა საქართველო, თუკი იქნებოდა დაპირისპირება ცხინვალსა და სოხუმში. ისინი ამას უყურებდნენ როგორც შესაძლებლობას.
30 წელი გავიდა და მათი დამოკიდებულება დღესაც არ შეცვლილა. ფაქტი ერთიa, არასდროს არ უნდა გვქონდეს გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკა და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ჩვენს მეზობელს, არა მხოლოდ რუსეთს, თავისი ინტერესები აქვს. ერთადერთი თავდაცვა ჩვენი ინტერესების დაცვა უნდა იყოს, რომ ჩვენ ზუსტად გვქონდეს წარმოდგენილი რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი სტრატეგია, სად გვინდა საქართველო იყოს 10-15 წელიწადში. ამ კუთხით თითქოს პასუხი გაცემულია, რომ გვინდა ვიყოთ დასავლეთის ნაწილი, მაგრამ რას ვაკეთებთ რომ მივაღწიოთ ამ შედეგს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები.
მგონია, რომ ერთი შეცდომა იყო ეს, რაც ჩავიდინეთ, შემდეგ შევაბიჯეთ, ასე ვთქვათ, სამხედრო დაპირისპირებაში, როდესაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, სამხედრო შენაერთების შეყვანა სოხუმში. ზოგადად, ჩემი აზრით, მაინც უსამართლოა 30 წლის შემდეგ დღევანდელი ვითარებით და არგუმენტებით იხელმძღვანელო და ახსნა ის მოვლენები, რაც მაშინ იყო. ურთულეს სიტუაციაში იყო იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაგრამ ყველა ზომა უნდა მიგვეღო იმისთვის, რომ არ დაწყებულიყო სამხედრო დაპირისპირება და როდესაც დაიწყო, ბუნებრივია, ამის შეკავება ძალიან რთული იყო.
დღევანდელი რუსული პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც იყო 30 წლის წინ. ერთადერთი გზა ამ გამოწვევას დაუპირისპირდე, არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან გაძლიერდე და შიგნიდან ვერ გავძლიერდებით თუკი ერთმანეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა იქნება მხოლოდ წყენებზე დაფუძნებული. სამწუხაროდ, დღეს, როდესაც საშუალება მაქვს, ვუყურებ გამოსვლებს, შიდა პოლიტიკურ დებატებს, ყველაფერი აგებულია პირად და წარსულის წყენებზე, წინ ვერ წავალთ ჩვენ თუ არ შევთანხმდით ისეთ კარდინალურ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი საერთო მომავალი, ჩვენს აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
კონფლიქტს აქვს ორი გადაწყვეტის გზა. პირველი – მთლიანად გაანადგურო მოწინააღმდეგე მხარე, მეორე – მოელაპარაკო, შეთანხმდე. მგონია, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ რომ არც სოხუმში, არც ცხინვალში, არავის უნდა კონფლიქტის კიდევ ერთხელ ცხელ ფაზაში გადაყვანა“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.