კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით , გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანდებიან თუ არა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირვლები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს“, – აღნიშნა ხაზარაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ გააკეთებენ ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენ ქვეყანას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება. ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების არჩევანი, ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სრული მობილიზაციისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არ უარყოფს წარსულში გიორგი გახარიასთან დაპირისპირებას ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. „დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით.რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა“, – განაცხადა ხაზარაძემ.