საქართველოს სარაგბო ნაკრები 2021 წლის პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადებას შეუდგა. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუსეთის ნაკრებთან 7 თებერვალს გასამართი მატჩის წინ ოცდაორკაციანი სასელექციო შემადგენლობა შეკრიბა, რომელსაც უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე დააკვირდება და მთავარ გაფართოებულ განაცხადში შესაყვან მორაგბეებს შეარჩევს, ძირითადი შეკრება კი მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩია. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით, მომავალი თამაშის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურამდე გაინაღდა.
7 თებერვალს მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება და, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე გაიმართება.
წყარო: radiotavisupleba.ge