ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელია.
„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.
ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”
„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.
წყარო: interpressnews.ge