საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სათითაოდ განიხილა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადება, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომას 90 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხს არც ერთი მომხრე არ ჰყავდა, ხოლო ძირითადად, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს შეიკავებდა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ოპოზიციონერ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა; გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო 1tv.ge