“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების – გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყებამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტი დღეს არ განიხილავს ნიკანორ მელიას „დამნაშავეობის საკითხს“. „ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვავალდებულებს, რომ თუ არსებობს საფუძველი გენერალური პროკურორის მომართვის, განვიხილოთ, შევაფასოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს, ჩვენ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ არა ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ უნდა განვიხილოთ საკითხი, ამ პირმა, დაარღვია თუ არა საქართველოს კანონმდებლობა, როდესაც მან უარი თქვა დაკისრებული გამკაცრებული გირაოს გადახდაზე, არის თუ არა საფუძვლიანი ამ პირობაზე დაყრდნობით გენერალური პროკურორის შუამდგომლობა. ეს უნდა განვიხილოთ.
ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს უფლება შევიდეთ ისეთი სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რაც სასამართლოს პრეროგატივაა. ველოდები და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელმაც ხალხის მანდატით მიიღეს კონკრეტული წარმომადგენლობის უფლება, მობრძანდნენ და თუ აქვთ შეკითხვები, პარლამენტის წევრებმა ერთად დავსვათ კითხვები, რაც გვაინტერესებს. ეს ვერ იქნება სასამართლო პროცესი, მე მათ მოვუწოდებ, თუნდაც, ნიკანორ მელიას, მობრძანდეს და თუ რამე აინტერესებს კომიტეტის ფარგლებში დავსვათ“, – აცხადებს ოხანაშვილი.