„კოვაქსის“ პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ „ფაიზერთან“, „ასტრაზენეკასთან“, „მოდერნასთან“ და კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში კომპანია „ფაიზერთან“ ტელეკონფერენციაა დაგეგმილი და შესაძლოა ვაქცინის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი გახდეს ცნობილი.
„ფაიზერთან“ ისევ საუბარი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, „ფაიზაერი“ „კოვაქსის“ პლატფორმით უნდა შემოვიდეს. ახლა პირდაპირი კომუნიკაციაა ასევე „ფაიზერთანაც“. მომავალ კვირაში დანიშნულია ტელეკონფერენცია სამინისტროს ხელმძღვანელობით და იმედია, „ფაიზერისგან“ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია თარიღებზე, როდის შემოვა პირველი დოზები.
ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „კოვაქსთან“ უკვე სხვა ვაქცინებზე, მათ შორის პირველ რიგში არის „ასტრაზენეკა“. ასევე მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ „ასტრაზენეკასთან“, „მოდერნასთან“, კიდევ რამდენიმე კომპანიასთან და ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვაქცინებზე, რომლებიც უკვე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე დაახლოებით მაისი-ივნისში. მრავალმხრივი მუშაობა მიდის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მაისის ბოლომდე 200 000-მდე მოქალაქის აცრა იგეგმება. გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს.
„გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე.
ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა ამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო 1TV.GE