ორი დღის წინ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ იმ ინფორმაციაზე გიყვებოდით, საიდან საქართველოში რეგისტრირებულ 70 პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გახდა ცნობილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბევრმა იკითხა, რა სურთ და რას საქმიანობენ ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიო?
დღეს, ჩვენ, ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაზე და მის ხელმძღვანელზე მოგიყვებით. ნახავთ, როგორ იყენებს მათ კრემლი თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის საქართველოსა თუ უკრაინაშიც, კი. „აი, ფაქტის“ მიერ დასახელებული სამოცდაათი ორგანიზაციიდან ერთ-ერთია „საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი ჟემჩუჟინა“, რომლის საქმიანობა ასეა აღწერილი: „რუსეთის თანამემამულეთა და რუსულ ენოვანი მოსახლეობის გაერთიანების ხელშეწყობა მარნეულში და მიმდებარე რეგიონებში“.
ორგანიზაციას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ვინმე ნატალია ვერეშჩაგინა ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ცნობებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ვგებულობთ.
ორგანიზაციის მისამართის დადგენაც ამავე რეესტრიდან არის შესაძლებელი – საქართველო, მარნეული, ბაღდათის ქ., №31.
მოდით, ცოტა ხნით თავი დავანებოთ ქალბატონ ვერეშჩაგინას და მარნეულში რეგისტრირებული ამ ორგანიზიიდან უკრაინაში ვიმოგზაუროთ. ცენტრი “მიროტვერეცი” უკრაინაში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტების, მეცნიერებისა და იმ დარგის სპეციალისტების მიერ არის დაფუძნებული, რომლებიც ერთობლივად აშუქებენ და იკვლევენ უკრაინის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე მომდინარე საგარეო თუ საშინაო საფრთხეებს. სწორედ ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე – კონსტანტინ როდინის შესახებ. იხილეთ ფოტო ქვემოთ.
“ცენტრის” მიერ გამოქვეყნებულ ამ ცნობაში წერია, რომ კონსტანტინ როდინი მიზანმიმართულად არღვევს უკრაინის სახელმწიფო საზღვარს რათა მონწილეობა მიიღოს ოკუპანტი სახელმწიფოს (რუსეთი) მიერ დაგეგმილ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში, ანექსირებულ ყირიმში. ასევე, მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციებს.
Поддерживает террористические организации «лнр/днр» и террориста Путина.
რა კავშირია კონსტანტინე როდინსა და მარნეულში რეგისტრირებულ „საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი “ჟემჩუჟინას” ” შორის? ამაზე ქვემოთ, მანამდე ვნახოთ რამდენად რეალურია უკრაინელების ბრალდება კონსტანტინე როდინის მისამართით, როდესაც ისინი მას რუსული პროპაგანდის სამსახურს აბრალებენ. ქვემოთ გიზიარებთ კონსტანტინე როდინის გარშემო ღია წყაროებიდან მოძიებულ ფოტომასალას.
სოციალური ქსელების მიხედვით ირკვევა, რომ როდინი რუსეთის მოქალაქეა. განათლება მიღებული აქვს მოსკოვის ეკონიმიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის უნივერსიტეტში (აღნიშნულ უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან). რაც მთავარია, სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით ცნობილი ხდება, რომ კონსტანტინე როდინი ცხოვრობს მარნეულში და სამუშაო ადგილად მითითებული აქვს „საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი ჟემჩუჟინა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი პლატფორმაზე კი შევძელით კონსტანტინე როდინზე რეგისტრირებული კომპანიის პოვნა, რომლის რეგისტრაციის მისამართად მითითებულია – საქართველო, მარნეული, ბაღდათის ქ., №31. სწორედ აღნიშნულ მისამართზეა რეგისტრირებული ჟურნალისტ გამომძიებელთა გაერთიანენა აი, ფაქტის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ პრორუსული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი – „საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი ჟემჩუჟინა“. აღნიშნული ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი kos.rodin@gmail.com მაღალი ალბათობით კონსტანტინე როდის სახელია და გვარის შესაბამისი კომბინაციაა.
,,საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭო” – КСОРСГ – ს ვებ-გვერდიდან ვგებულობთ, რომ კონსტანტინე როდინი რუსი მფრინავის, ვლადისლავ როდინის შვილიშვილია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, დაჭრილი, საცხოვრობლად დარჩა საბჭოთა საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისული პროექტიდან „უკვდავი პოლკიდან“ ვგებულობთ.
შარშან „უკვდავი პოლკის“ ონლაინ კამპანიაში საქართველოს სახელით მარნეულს ვლადისლავ როდინი წარმოადგენდა, თავისი შვილიშვილის დახმარებით.
ვებგაზეთმა ელექტრონული ფოსტით სცადა მარნეულში, ორგანიზაცია “ჟემჩუჟინას” ხელმძღვანელთან, ნატალია ვერეშჩაგინასთან დაკავშირება. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. როგორც მას, ისე ბატონ როდინსაც შესაძლებლობას ვაძლევთ თავიანთი პოზიცია ჩვენივე პლატფორმიდან გამოხატონ, თუ ამის სურვილი ექნებათ.
მასალა მომზადებულია “ვებგაზეთისა” და პროექტის “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” ერთობლივი ძალისხმევით.