პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შარშან და წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ, გააცნო სამინისტროს განვითარების ხედვა და ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც დაწყებულია უწყებაში და მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს.
პარლამენტის რეგლამენტით, ანგარიშის დასრულების შემდეგ, მინისტრი ვალდებულია დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს. „მინისტრის საათის“ ყველაზე საინტერესო, პროდუქტიული, ხმაურიანიც და შედეგიანიც სწორედ, კითხვა-პასუხის რეჟიმია ხოლმე. ამ მომენტს იყენებს ოპოზიცია ყველაზე აქტიურად და, მინისტრებს, როგორც წესი, უმწვავეს კითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა.
მე-10 მოწვევის პარლამენტში ორი ოპოზიციური პარტია შევიდა: პარტია „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და პარტია „ევროპელი სოციალისტები“ – ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, რომლებიც პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გავლით მოხვდნენ.
ვნახოთ, როგორ გამოიყენეს გუშინ მეათე მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატი და რა „მწვავე“ კითხვები დაუსვეს მათ შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ვახტანგ გომელაურს მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართა და საკმაოდ „საინტერესო“ კითხვა დაუსვა.
სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს ამ პერიოდში 130 კილომეტრ საათამდე?
ფრიდონ ინჯიას კითხვა: „გამოსავალი პრაქტიკულად არ ჩანს, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით ახლა, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ, სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს ამ პერიოდში 130 კილომეტრ საათამდე?”
ინიციატივების შეთავაზებაში, ფრიდონ ინჯიას არ ჩამორჩა „პატრიოტთა ალიანსიის“ სიით პარლამენტში შესული ასევე, „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი და მან გომელაურს შესთავაზა პოლიციის მანქანებს დააწერონ – თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა.
ან გომელაურს შესთავაზა პოლიციის მანქანებს დააწერონ – თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა
დავით ზილფიმიანის კითხვა: “ნიუ იორკის პატრულის დევიზი არის CPR – Courtesy, Professionalism და Respect. ეს წარწერა თუ იქნება ჩვენს საპატრულოს მანქანებზე, კაი იქნება. ქართულად იქნებოდა “თი პი პი” ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა ხომ არ გვეფიქრა ამაზე?“
ზილფიმიანმა მინისტრისთვის შეთავაზებულ ინიციატივას, განმარტებაც დაამატა. მისი თქმით, საკითხს არ უდგება ისე, რომ რახან ოპოზიციაა, შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაატაროს.
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ბადრი ესებუას ასავალ-დასავალით და მისი მდგომარეობით დაინტერესდა და ვახტანგ გომელაურს ამის შესახებ ჰკითხა. ელისაშვილმა ასევე კითხვა დაუსვა მინისტრს სამინისტროს ინსტიტუციურ სტაბილურობაზე – მინისტრების თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საკადრო ცვლილებების დაწყების შესახებ და ასევე, ჰკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქმეში მონაწილე პოლიციელის უწყებაში დაბრუნების თაობაზე.
ალეკო ელისაშვილის კითვები: „ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა? დატოვა საქართველოს ტერიტორია? თუ როგორააა ის კაცი და სადაა?
„ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა? დატოვა საქართველოს ტერიტორია?
როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გააჩერა თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ძმა, რომელიც საოცრად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, არამხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ეს ადამიანი შეურცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რომლებიც მაშინ იცავდნენ კანონს. მან მთელი პოლიციის მუნდირს ღირსება აყარა. მაშინ არ დასჯილა იზორიას ძმა და დაისაჯა პოლიციელი. რამდენად სწორი იყო ეს ამბავი? ხომ არ გიფიქრიათ, რომ ეს პოლიციელი, რომელიც იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და უფრთხილდებოდა მუნდირს, არის დასაბრუნებელი უწყებაში და გიფიქრიათ თუ არა ამაზე? რამდენად ადეკვატური იყო ამ ინციდენტზე ხელისუფლების რეაგირება? „
პარტია „მოქალაქეების“ კიდევ ერთმა წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ვახტანგ გომელაურს ჰკითხა დაინტერესდა თუ არა არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოიძიებით და რა რეაგირება მოახდინა უწყებამ. ვახტანგ გომელაურს ამ კითხვაზე, დეპუტატ თეა წულუკიანის მსგავსი პასუხი არ გაუცია – „თუ არჩევნები გაყალბებულია, პარლამენტში რატომ ხართო?“.
ლევან იოსელიანი კითხვები: „ამბობდით, რომ უმკაცრესად დაისჯებოდა ყველა, ვინც გაბედავდა და ჩაერეოდა არჩევნების პროცესში ან გააყალბებდა მას. მე მაინტერესებს, რა რეაგირება ჰქონდათ თქვენს უწყებებს, როცა გაყალბების ბევრი ფაქტი ვნახეთ. მაგალითად ვიდეოზეა აღბეჭდილი და ტრიალებს „იუთუბზე“ ბოლნისში ერთმა ადამიანმა დაახლოებით 10-ჯერ მისცა ხმა. მე არ გამიგია, რომ მსგავს ფაქტს რეაგირება მოჰყოლოდა“.
თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატების „უმწვავესი“ კითხვების შესამსუბუქებლად, უმრავლესობის დეპუტატები ცდილობდნენ, რომ ვახტანგ გომელაურისთვის კომფორტული გარემო შეექმნათ და ძირითადად, სამადლობელი და საქებარი სიტყვები არ დაუშურებიათ.
ასე ჩაიარა მე-10 მოწვევის პარლამენტში, 2021 წლის 5 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის „მინისტრის საათმა“ და ასე ჩაიწერება 5 მარტის „მინისტრის საათის“ მოსმენაც საპარლამენტო ისტორიაში.