გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანა ახლა ე.წ. “ბრიტანულ კოვიდ 19-ს” ებრძვის.
„ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ. ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. პრინციპში, ახალი ტიპის, მაგრამ ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსის წინაშე ვდგავართ, რომელიც უფრო ფატალური და უფრო გადამდებია“, – აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ „ლოქდაუნი“ 18 აპრილამდე გაახანგრძლივეს.
აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს, იმუშავებენ. აღდგომის დღეებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.