საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია – ასე აფასებენ საქართველოში პროპაგანდისა და საინფორმაციო ოპერაციის მკვლევარები მიმდინარე წლის 18-23 მარტის პერიოდში რუსულენოვან გამოცემა aif.ru-ზე („არგუმენტი ი ფაქტი“) აგორებულ კამპანიას.
აღნიშნული გამოცემის საიტზე მოცემულ პერიოდში გამოქვეყნდა ერთიდაიმავე ავტორის ხუთი რეპორტაჟი საქართველოდან, სადაც ავტორი პროპაგანდის კლასიკური მეთოდებითა და ენით ცდილობს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების დისკრედიტაციას.
გიორგი ზოტოვი ცდილობს დაარწმუნოს რუსი მკითხველი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელია. უფრო მეტიც, ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთვის რუსულ ბაზარი და ტურისტული ნაკადები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზოტოვი თავის პუბლიკაციებში ცდილობს, რომ “რუსების მონატრებით” გამოწვეულ საშინელ გაჭირვებაზე მხოლოდ ეთნიკური ქართველები ალაპარაკოს. გარდა ამისა, მეტი დამაჯერებლობისთვის, სტატიებში დიდი სკურპულოზურობით არიან შერჩეული მთავარი გმირები, რომლებიც ასევე მოხდენილად ინაწილებენ როლებს. სტატიებიდან ხან კაფე-ბარების მეპატრონეები, ხან მეღვინეები და ხან სასტუმროს მფლობელები გველაპარაკებიან, თუმცა მათი ციტატების წაკითხვისას უფრო “ხედავ”, ვიდრე ხვდები, რომ ისინი ზოტოვთან საუბრისას უფრო ტიროდნენ ვიდრე ლაპარაკობდნენ.
“ზოტოვის ქართველები” მისტირიან დროს, როდესაც მათ ჯიბეებს რუსი ტურისტების მიერ დახარჯული ლარები ავსებდა და რომლებსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს რომელიმე სხვა ქვეყნის ტურისტი.
ცინიზმით გაჟღენთილი სათაურები:
- «Хачапури нефтью не станет». Как Грузия прожила 30 лет после распада СССР?
- «Брат, трусы надень». Грузия зовет Россию врагом, но имеет с нее миллиарды
- «Генацвале, поздно пить «Боржоми». Как живёт Грузия без российских туристов
- «Нас спасали проститутки». Как Грузия угробила себя в борьбе с COVID-19
მიზანმიმართულად შერჩეული ფოტოები, საიდანაც მხოლოდ სიღარიბესა და ღრმა ეკონომიკურ დეპრესიაში მყოფილი, უპერსპექტივო ქალაქი იყურება, რომელიც ავტორის აზრით მხოლოდ რუსი ტურისტების მოლოდინშია. თუ რამბლერის საიტის ვიზიტორების მთვლელს დავუჯერებთ 18-23 მარტს aif.ru – ს 3 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. გარდა ამისა, აღნიშნული სტატიების განხილვა მიმდინარეობდა ფეისბუქის ისეთ ჯგუფებში როგორიცაა “რუსულენოვანი შვეიცარია“ და სხვები.
ზოტოვი სიბინძურისადმი მიდრეკილი რუსი ჟურნალისტია. ანალოგიური მისიით ის სომხეთშიც იმყოფებოდა, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე – როგორ შემოვიდა ზოტოვი საქართველოში? ჩვენ მოვიძიოთ ინფორმაცია ზოტოვის სოხუმში მოგზაურობის შესახებ. 2020 წლის სექტემბერში ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.