23.11.2024

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. საიუბილეო თარიღი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საზეიმო ღონისძიება სამწყობრო მოედანზე, მარშის თანხლებით, ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის მიერ საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების სეფე დროშის გაშლით დაიწყო. პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა გაიშალა გორის ციხეზეც. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომლის მსვლელობის დროსაც ქვემეხებიდან საზეიმო ზალპის გასროლა გაისმა.

სამწყობრო მოედანზე კოლოფებად მოწყობილ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას 30 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს და საქართველოსთვის ქართული ჯარის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის ძალების დღეზე დასასწრებად საქართველში სპეციალურად ჩამოვიდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი. ნატოს პირველმა სამხედრო პირმა ქართულ ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა, მან ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, სიმამაცე და ერთგულება აღნიშნა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს კონტრიბუციას გაუსვა ხაზი.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ასევე, სპეციალურად საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შექმნილი უწყებრივი მედლით – „საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა“ თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ქართული ჯარის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. დასასრულს კი, ქართული ჯარი თავდაცვის ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დახურვის შემდეგ სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები – დიდგორი-3, დიდგორი მედევაკი და დიდგორი მეომარი, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანები და საარტილერიო დანადგარები დაათვალიერეს.

30 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სწორედ ამის საფუძველზე აღინიშნება ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img