შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქვს წაყენებული და თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ამნისტია, მინისტრის თქმით, გაუგებარია უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს.
გომელაური ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს სამართლიანს უწოდებს.
„მე, როგორც შს მინისტრი ამნისტიას, ალბათ, წინააღმდეგობას გავუწევდი. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩართული იყვნენ ევროპის პოლიტიკოსები, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მიეღოთ ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა. რა თქმა უნდა, პოლიციელებსაც ეხება. არა იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე ვიცავ პოლიციელებს, არამედ, იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს მუხლი (ამნისტია), უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს? – მაშინ კითხვას ვსვამ. ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა? მძიმე მუხლებს ისედაც არ ეხება. როგორც ჩაწერილია, 117-ე მუხლს არ ეხება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ [ამნისტია] სამართლიანია. ვთქვათ, თუ მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მეხება, რა თქმა უნდა, ჩემზე მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, მათაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.