დიდუბის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო. რამდენიმე საათის განმავლობაში სანაძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო და ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 12 ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდებარე ტერიტორიიდან, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გაიყვანეს. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც.
ხანძრის შედეგად დაიწვა 3000 კვადრატულზე მეტი სასაწყობე ტერიტორია და განადგურებულია რამდენიმე ათასი ლარის საქონელი. დაზარალებულთა ნაწილის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.
„იწვის ჩვენი საქონელი. მე პირადად მეორადის საწყობი მაქვს. ცეცხლი გაჩნდა დენის გაყვანილობიდან და დაიწვა 3 საწყობი. მათგან ორი ჩვენი იყო, დაიწვა და განადგურდა ტონობით საქონელი,“ – აცხადებს ერთ-ერთი საწყობის მესაკუთრე.
ცნობისათვის, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე არსებული ტერიტორია, სადაც დღეს სასაწყობე შენობა დაიწვა, ბიზნესმენ ნოდარ ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელიც სააქციო საზოგადოება “universali”-ის დამფუძნებელია და სხვა ბიზნესსსაქმიანობასთან ერთად საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.