14 მაისის დილას ისრაელის სახმელეთო ჯარებმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანეს. ორმხრივი სარაკეტო თავდასხმისა და ათობით სამოქალაქო პირის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზის სექტორის საზღვართან განათავსა და მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.
ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა გუშინ ღამით განაცხადა, რომ “სახმელეთო დანაყოფები ღაზის სექტორს უტევდნენ”, მაგრამ მოგვიანებით განმარტა, რომ ისრაელის სამხედროებს ღაზის ტერიტორიაზე არ შეუღწევიათ, თუმცა მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებამ ისრაელის სახელმწიფოს წინაშე მდგარი უპრეცენდენტო ვითარება ცხადად წარმოაჩინა – პალესტინელი სამხედროების წინააღმდეგ სამხრეთის საზღვარზე ჯარების განლაგების პარალელურად, ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშიში სამოქალაქო არეულობის წინაშე დგას.
კონფლიქტის დაწყების დღიდან ისრაელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში არაბი და ებრაელი დემონსტრანტების ძალადობრივი შეტაკებების მომსწრეა, ხელისუფლებამ სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ცენტრალურ ქალაქ ლოდში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის 30% ეთნიკურად არაბია, სასაზღვრო პოლიციის მრავალრიცხოვანი ბატალიონები გაგზავნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა სამოქალაქო ომის საფრთხეებზე საუბრობენ.
მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება კი უპრეცენდენტო მასშტაბებს იღებს, ომის დაწყებიდან სამ დღეში ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჰამასმა და მისმა მოკავშირეებმა ცენტრალური ისრაელის, მათ შორის, თელ-ავივის მიმართულებით 1 800 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
თავის მხრივ, ისრაელმა სარაკეტო თავდასხმების კამპანია 13 მაისს გააძლიერა, თავდაცვის ძალებმა დაბომბეს არაერთი კორპუსი, შენობა, თუ საცხოვრებელი სახლი – პალესტინელი ჩინოვნიკების ცნობით, ინტენსიურმა სამხედრო კამპანიამ 103 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, 27 ბავშვის.
ისრაელში ჰამასის თავდასხმების შედეგად 6 სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო დაიღუპა.