საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.
პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 125 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები მხოლოდ 2009 წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ $114.5 მლნ ინვესტიცია შემოვიდა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რეინვესტიციის მოცულობის შემცირებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს. ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ინვესტიციების მოცულობა თავისმხრივ 2020 წლის შედეგებს დარდება, 2020 წელს კი FDI პანდემიის გამო განახევრდა.
ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი – 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4%), ხოლო მესამეზე თურქეთი – 24.5 მლნ აშშ დოლარით (19.5%).
I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3%), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2%).
ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:
1. გაერთიანებული სამეფო – $88.41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
2. რუსეთი – $31.87 მილიონი, ზრდა წინა წელთან 186%
3. თურქეთი – $24.51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 95%
4. ჩეხეთი – $14.15 მილიონი, კლება წინა წელთან -574%
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $12.84 მილიონი, კლება წინა წელთან -1699%
6. დანია – $10.53 მილიონი, ზრდა წინა წელთან -9%
7. გერმანია – $10.14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 259%
8. იაპონია – $7.42 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. მარშალის კ-ები – $7.15 მილიონი, კლება წინა წელთან -24%
10. ნიდერლანდი – $5.61 მილიონი, კლება წინა წელთან -61%
ქვეყნები, რომლებთანაც ყველაზე დიდი მოცულობის გამავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა:
● აზერბაიჯანი -$6.24 მილიონი;
● კვიპროსი -$7.75 მილიონი;
● მალტა -$12.03 მილიონი;
● ყირგიზეთი -$24.30 მილიონი;
● აშშ -$59.82 მილიონი.