ბრიტანულ მედიაში ფოტოების გავრცელების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს მეთ ჰენკოკს თანამდებობის დატოვება მოუწია, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო. კერძოდ, სოციალური დისტანციის დარღვევის ამსახველი ფოტო გაზეთმა Sun-მა გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, რომ ჰენკოკი თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჯინა კოლადანჯელოს თავისსავე კაბინეტში ჰკოცნის.
ფოტომასალის გასაჯაროების შემდეგ, 42 წლის ჰენკოკს თანამდებობიდან გადადგომის ინიციატივა არ გამოუჩენია, თუმცა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბორის ჯონსონის “კონსერვატიული პარტიის” ლიდერებმა ჰენკოკის ქცევა მიუღებლად შეაფასეს, რადგან თავის მის მიერ დაწესებული შეზღუდვები დაარღვია.
“ჩვენ, როგორც ქვეყანამ, პანდემიასთან საბრძოლველად ბევრი გავაკეთეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ ჩემმა პირადმა ცხოვრებამ ყურადღების გადაიტანოს იმ ერთმნიშვნელოვანი მიდგომიდან, რომელმაც ჩვენ კრიზისიდან უნდა გამოგვიყვანოს”, წერს ჰენკოკი წერილში, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს, ბორის ჯონსონს სამსახურიდან დათხოვნის მიზნით გაუგზავნა.
საპასუხო წერილში ჯონსონმა ჰენკოკი ენერგიული მუშაობისთვის შეაქო და მისი დაკარგვის გამო მწუხარება გამოთქვა.
ჰენკოკი და კოლადანჯელო ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დამეგობრდნენ. ორივე მათგანი დაქორწინებულია და შვილები ჰყავთ. ფოტოების გადაღების დროს, სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენელთა დახურულ სივრცეში შეკრება აკრძალული იყო.