23.11.2024

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ დღეს აღარ გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს, რომელსაც “ვებგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

„გამოცხადებული ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ.

ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პროორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდ კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. “თბილისი პრაიდის” წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.

სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს.

დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხარდამჭერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მკაფიოდ გაემიჯნონ სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს და სახელმწიფოს სრულიად არასახელმწიფოებრივ უმოქმედობის პოლიტიკას.

“თბილისი პრაიდის” სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!“,-აღნიშნულია გავარცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img