ტურისტი, რომელსაც ხეთაგუროვის ქუჩაზე თავს დაესხნენ, პოლონელი ჟურნალისტია. არსებული ინფორმაციით, ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მას აპარატურა ჰქონდა თან.
თვითმხილველების თქმით, პოლონელ ჟურნალისტს 4 ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. მას პირველადი დახმარება ახლოს მდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა გაუწიეს. თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, პოლიციის მოსვლამდე დააკავეს.
დაჭრილი პოლონელი ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.
”ქართველი დაესხა პოლონელ ჟურნალისტს თავს და 4 ჯერ დაარტყა დანა გულმკერდის არეში. ბიჭები იყვნენ აქ და იმათმა დააკავეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ეშმაკს ეძახდა”, – ამბობს აფთიაქის თანამშრომელი ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.