23.11.2024

ნიკა სიმონიშვილი – ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატები იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც დიდი უნდობლობა გამოიწვია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ აღნიშნულ კანდიდატებთან მიმართებაში „ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო“.

„საია-ს, TI-ს, ISFED-ს და IDFI-ს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაგვიჭერია. კანდიდატების ნაწილზე დამოუკიდებლობასთან მიმართებით არსებობდა პირდაპირი კითხვის ნიშნები, ნაწილთან მიმართებით კი, კვალიფიკაციის. რაც შეეხება შერჩეულ ორ კანდიდატს – გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს, ისინი 2020-ის არჩევნებზე მაღალ თანამდებობას იკავებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა გამოიწვია. ეს ადამიანები მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ. აქედან გამომდინარე, არ იყო კომისიის გადაწყვეტილება სწორი და დასაბუთებული. ჩემი აზრით, მათთან დაკავშირებით კომისიამ ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მე პირადად და ჩემმა კოლეგებმა სამ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი – ლელა ტალიურს, თამარა სართანიას და ანა მიქელაძეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მხარი არ დაგვიჭერია. ერთ კანდიდატთან – მაია ზარიძესთან მიმართებით მე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, კერძოდ, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გია ცაცაშვილს, გასაუბრებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა გარკვეული ეჭვები მასთან დაკავშირებითაც გამიჩნდა, რის გამოც, გადაწყვეტილება ვერ მივიღე მისთვის ნდობა გამომეცხადებინა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – გიორგი სანტურიანი შეარჩია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img