პოლონელი ტურისტი, რომელიც ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს, საავადმყოფოდან გაწერეს.
პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩს გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა და ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
პოლონელი ტურისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის სასტუმრო “ბიოგრაფში”.
„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, -აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.
შეგახსენებთ, პოლონეთის მოქალაქეს ხეთაგუროვის ქუჩაზე დაესხნენ თავს და გულის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მიზეზი საყურე გახდა. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მას შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.