ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინების პროცესის ნაკლოვანებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია საუბარი.
“სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა, ყველა ქვეყანაში. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად,” – განაცხადა ოდირ-ის (ODIHR) დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.
ODIHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ახდენს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და წარმოაჩენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.
ორგანიზაციის ცნობით, მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეული ამ წლის დასაწყისში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პროცედურის ეფექტურობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა ნომინირების პროცესის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა.
ODIHR-ი ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის მონიტორინგს 2019 წლიდან, რათა ხელი შეუწყოს ხელისუფლების მცდელობას გააძლიეროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოში. ODIHR-ის მონიტორინგი აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან.
ეს უკანასკნელი მონიტორინგი განხორციელებულ იქნა ODIHR-ის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. მოსამართლეთა ნომინირების უკანასკნელი პროცესის მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში, და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესსა და მასთან დაკავშირებული საბჭოს სესიების მონიტორინგს. ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.